top of page

ჩვენ შესახებ

წიგნის ხელოვნების ცენტრი დაარსდა 2012 წელს. ეს პირველი ორგანზაციაა, რომელმაც დაიწყო საქართველოში წიგნის ხელოვნების განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სასწავლო პროგრამას წიგნის და ვიზუალური ხელოვნების სფეროში, შემოქმედებით და საგამომცემლო პროექტებს და ქართული წიგნის ხელოვნების პოპულარიზაციაზე მიმართულ საჯარო ღონისძიაბებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.


ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 150-ზე მეტი საერთაშორისო ვორკშოპი, მასტერ-კლასი და ლექცია 300-ზე მეტი როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამწყები და პროფესიონალი ხელოვანის მონაწილეობით. ცენტრის შემოქმედებითი პროგრამის ფარგლებში წიგნის ხელოვნების ცენტრის სახელოსნოში შეიქმნა 150-მდე ილუსტრირებული, ხელნაკეთი, არტ- და ფოტოწიგნი. 

მოეწყო ქართული წიგნის ხელოვნების და ი;უსტრაციის მრავალი გამოფენა, მათ შორის საერთაშორისო ბაზრობებზე და ფესტივალებზე თბილისში, ლაიფციგში, ფრანკფურტში, ზაარბრიუკენში, კიევში, კრასნოიარსკსა და ბოლონიაში. ცენტრში შექმნილი წიგნები გამოიცა საქართველოში, ბრაზილიაში, თურქეთში, შვეიცარიაში, იაპონიაში, გერმანიაში. ცენტრის ინიციატივით დაარსდა და მისი კურატორობით 2014-2017 წლებში ტარდებოდა წიგნის ხელოვნების მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“. ჩატარდა ილუსტრირებული წიგნის იდეების, ქართული ფოტოწიგნის და ქართული წიგნის საუკეთესო დიზაინის (Best Designed Books) პირველი კონკურსები.

ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წიგნის ხელოვნების ცენტრი 2015 და 2016 წელს ორჯერ ზედიზედ დასახელდა ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის საერთაშორისო პრემიის ნომინანტად საქართველოდან.

bottom of page